აქტუალური
საქართველოში მზად არიან, ნატოს ღირებულებები რუსული პროპაგანდისგან დაიცვან

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო. ლევან იზორიამ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს ელჩ თაჯან ილდემს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დავსახეთ. რუსული პროპაგანდის ფონზე მოსახლეობა გარკვეულ ინფორმაციას იღებს. რუსეთი ცდილობს, დაამკვიდროს მცდარი წარმოდგენები მოვლენებისა და საფრთხეების შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში. დავსახეთ კომუნიკაციის ერთობლივი სტრატეგია, თუ როგორ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ნატოზე და მასში გაწევრიანების შესახებ, თუ რას ნიშნავს ღირებულებები, რომელთაც ეფუძნება დასავლური საზოგადოება. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ის არის ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული ბლოკი, რომლის დასაცავად თითოეულ წევრ და პარტნიორ ქვეყანას შესაბამისი სამხედრო მზადყოფნა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.