საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ევროპა გადარეულია 16 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის გამო, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა ქალაქ იზმირში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
„თქვენ ნახეთ თუ რა მოხდა ევროპაში. რატომ არიან ასე გადარეულნი? რატომ გაგიჟდნენ? მათ ესმით თუ მმართველობის ახალ სისტემაზე გადასვლა რას მოუტანს თურქეთს. თურქეთი ვითარდება, იზრდება. მათ ეს აგიჟებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
„ველოდები, რომ ევროპაში მცხოვრები თურქები რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებენ, ვინაიდან ევროპაში მცხოვრებ თურქებს ჩაგრავენ და ამცირებენ“, - აღნიშნა ერდოღანმა.
მისივე თქმით, 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ თურქეთი ევროპას პასუხს მოსთხოვს.
„ევროპა პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩაიდინა. ჩვენ გადავხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს რეფერენდუმის შემდეგ. ასევე ჩვენი ხალხი მოსთხოვს ევროპას პასუხს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.