საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიციური პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, კომისია ცვლილებებზე მუშაობას გეგმის მიხედვით გააგრძელებს.
“გავაკეთე რამდენიმე დღის წინ განცხადება პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით. გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს, მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.
სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება - რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, აქვს განზრახული შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ მიზანს. საბოლოოდ შედეგი ამ მუშაობის იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.