7 წლის გიორგი, შესაძლოა, თურქეთში გაყიდონ
7 წლის გიორგი, შესაძლოა, თურქეთში გაიყვანონ და გაყიდონ. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მათ ამ ფაქტის შესახებ ბავშვის აღმზრდელებმა აცნობეს. აღმზერდელების განცხადებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გააუქმა ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც თურქეთის მოქალაქე ო. ა.-ს საშუალება მიეცა, მამობა დაიდგინოს და ბავშვი, სადაც უნდა, იქ წაიყვანოს.
მათივე თქმით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უკვე მიმართეს ადმინისტრაციული საჩივრით, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ . „რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. ბავშვის ბიოლოგიური დედა, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, მოზარდის დაბრუნებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ გამოჩნდა თურქეთის მოქალაქე ო. ა., რომელიც აცხადებს, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამაა. ამჯერად ისინი ერთობლივად ითხოვენ ბავშვის დაბრუნებას. არადა, გიორგი დაბადებიდან ჩვენთან იზრდება და ყველა პირობა აქვს შექმნილი. სასამართლომ დედას ბავშვის ნახვის უფლებაც მისცა და დღეებიც განსაზღვრა, მაგრამ დედას ბავშვი არც ერთხელ არ უნახავს. ბავშვი დედამ სამშობიაროდან გამოყვანისთანავე მოგვცა, რადგან მისი გაზრდა არ უნდოდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მამობის დადგენის შემდეგ უნდათ ბავშვი თურქეთში გაიყვანონ და გაყიდონ“, - აღნიშნავენ აღმზრდელები.