საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელენე ახვლედიანის შთამომავალს ირაკლი ახვლედიანს, მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ( 7, 4, 1 წლის) ერთად, მევახშე სახლიდან ასახლებს, სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.
სასამართლომ აღსრულების შეჩერების შესახებ ოჯახს საჩივარი არ დაუკმაყოფილა. გამოსახლება მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ირაკლი ახვლედიანმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საბოლოო განაჩენს დღე-დღეზე ელოდება.
ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ელენე ახვლედიანის ძმამ გოგი ახვლედიანმა და მისმა შვილმა დიმიტრი ახვლედიანმა, რომლებიც ირაკლის ბაბუა და მამა იყვნენ, დიდი მხატვრის 3 ათასზე მეტი ნახატი სახელმწიფოს საჩუქრად გადასცეს, რაც მრავალმილიონიანი ქონებაა. აღნიშნული კოლექცია, სადაც გარდა ელენე ახვლედიანისა, სხვა ცნობილი მხატვრების ტილოებიც იყო, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში, ქიაჩელის 12 ნომერშია გამოფენილი. ოჯახმა სახელმწიფოს ასევე უანგაროდ გადასცა სახლი, რომელშიც მუზეუმია განთავსებული, შემოსავალი წიგნებიდან და ბუკლეტებიდან.
“ისინი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ და მიაჩნდათ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რასაც ირაკლიც ეთანხმება”, - განუცხადა „ფოსტალიონს“ ახვლედიანების ოჯახის ახლობელმა.