საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის „პოლიტმეტრში“ განაცხადა.
"საქართველოში უნდა დასრულდეს IRI-ს ყალბი კვლევები. ჩვენ გამოვიკითხეთ 28 ათასზე მეტი ადამიანი და ამ ტრიბუნიდან უნდა ვთქვა, რომ მათგან 67% არ ენდობა IRI-ს კვლევას. ჩვენ მივმართეთ NDI-სა და IRI-ს სათავო ოფისებს, ყველა კონგრესმენს, სენატორს და მივაწოდეთ ჩვენი კვლევის შედეგები. საქართველოში IRI ხატავს იმ სურათს, რაც სურს, რომ ჩანდეს. ბოლო კვლევაც, ბოლო ტყუილიც ამის ილუსტრირებაა", - აღნიშნა ინაშვილმა.
„ბატონი სერგი კაპანაძე თქვენს ეთერში საუბრობდა, რომ IRI-ს კვლევის ველი ღია და საჯაროა. არავითარი ღია არ არის, არის დახურული. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერთი და იგივე წრეა და საერთოდ არ ატარებს ამ კვლევებს. ეს არის სისხლის სამართლის გამოძიების საგანი. პროკურატურასაც მივმართავთ, რომ ის ორგანიზაციაც იყოს შესწავლილი, ვინც რესპონდენტთა წრეს აწვდის, ვინც აძლევს IRI-ს გამოკითხვის ნედლ შედეგებს. თუ არ ვცდები, ეს უნდა იყოს გოჩა ცქიტიშვილის ორგანიზაცია. ერთხელ და სამუდამოდ IRI-ს ტყუილი უნდა დამთავრდეს. ამ გზაზე მივმართავ პროკურატურასაც, ამერიკის საელჩოსაც, კონგრესსა და სენატში ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს. მერე ვნახავთ, ქალბატონი ანდრეა კირბსი (IRI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - რედ.) როგორ გააყალბებს ამ გამოკითხვის შედეგებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.