პოლიტიკა
“ნაციონალურ მოძრაობას” ცილისწამებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს! – “ბანკი ქართუს'' განცხადება

   საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. “ბანკი ქართუს” განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის”  ბრიფინგი, რომელზეც ამ პარტიის წარმომადგენლებმა “ბანკი ქართუ” თაღლითობაში დაადანაშაულეს, წარმოადგენს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მორიგ ბოდვასა და ცილისწამებას, რის გამოც მათ სასამართლოს წინაშე მოუწევთ პასუხისგება.

შპს "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“-ს “ბანკ ქართუში” აქვს საკრედიტო დავალიანება, ოღონდ არა 6 მლნ, არამედ რამდენიმე ათეულჯერ უფრო ნაკლები. 2016 წელს აღნიშნულმა კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიწყო გაკოტრების პროცესი. ბანკს შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი აქვს საკრედიტო დავალიანების დაფარვა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის ღირებულებაც აღემატება არსებულ დავალიანებას.

კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან) დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა) სასამართლოში, შესაბამისად, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებს.

“ნაციონალური მოძრაობა” და მისი წარმომადგენლები არ იშლიან ბინძურ ტრადიციას და გაჭირვებული ადამიანების შეცდომაში შეყვანით ისევ ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ ამჯერად ამ უპასუხისმგებლობისთვის და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგენა“, – ნათქვამია, კერძოდ, “ქართუს” განცხადებაში.