"ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახები მოინახულა.
"აფხაზეთიდან დევნილთა 18 ოჯახი ხელისუფლებამ 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იძულებით და მოტყუებით გადაასახლა. ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. გაწბილებული დევნილები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ სოფელში არ არსებობს სკოლა, საბავშვო ბაღი და მაღაზია, გადაუჭრელ პრობლემად იქცა ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება. გარდა ამისა, სოფელი დიდი მანძილით არის დაშორებული სხვა დასახლებული პუნქტებიდან და უტრანსპორტობის გამო, დევნილები გარე სამყაროსგან მოწყვეტილნი არიან," - აცხადებს სუბარი.ამასთან, მისივე განმარტებით, ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილთა უმეტესობა უმუშევარია, რადგან სოფელში დასაქმების შესაძლებლობა არ აქვთ.
"მიზერული დახმარებით, რომელსაც ხელისუფლება იმეტებს, ბავშვების კვების და გათბობის პრობლემასაც ვერ წყვეტენ. დევნილები უკან, თბილისში, დაბრუნებას მოითხოვენ, სადაც თითქმის 20 წელი ცხოვრობდნენ და გარემოსთან ადაპტირებული იყვნენ", - აცხადებს "ქართული პარტიის" თავმჯდომარე.
გარდა ამისა, მისივე შეფასებით, "ხელისუფლების არასწორი და ხშირად დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად საკუთარი სახლებიდან გამოძევებული ადამიანები უკვე რამდენიმეჯერ იქცნენ დევნილებად".
"ტერმინები: "განსახლება" და "გადასახლება" ამ ხელისუფლებისთვის სინონიმებია", -დასძინა სუბარმა.