უცხოეთი
აშშ-მა სირიის ავიაბაზის მიმართულებით 60-მდე რაკეტა გაუშვა

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. 

პენტაგონის მაღალჩინოსნების განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის საზღვაო ხომალდებიდან ჰომსთან მდებარე ავიაბაზის მიმართულებით „ტომაჰოკის“ ტიპის 50-დან 60-მდე რაკეტა იქნა გაშვებული. მათივე მტკიცებით, სწორედ აღნიშნულ ობიექტზეა ბაზირებული საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებითაც ქიმიური თავდასხმა განახორციელეს. 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ბრძანება გასცა, წერტილოვანი დარტყმა განეხორციელებინათ იმ ბაზაზე, რომლიდანაც, მისივე თქმით, ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. 

ტრამპმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, სირიის კონფლიქტის დასრულებაში დახმარება გაუწიონ. 

შეგახსენებთ, სირიის პროვინცია იდლიბში 4 აპრილს მომხდარი სავარაუდო ქიმიური თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დასავლეთი მომხდარში ბაშარ ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, დამასკო კი ბრალდებებს უარყოფს. 

მომხდარის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასადის რეჟიმი მკაცრად გააკრიტიკა და შტატების მხრიდან შესაძლო სამხედრო ჩარევის შესახებ გააკეთა მინიშნება.