საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. გუშინ ბოლო დღე იყო იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურდა, შეერთებოდა ამ საჩივარს. საკონსტიტუციო სასამართლოში კი კამპანიის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში გამოცხადდებიან.
კამპანია “ეს შენ გეხება”-ს ინფორმაციით, ორგანიზაციაში ამ დროისთვის დაინტერესებული პირების მხრიდან 70-მდე სარჩელია შესული.
„ჩვენ ვასაჩივრებთ იმ ნორმებს, რომლებიც ეხება პირდაპირ მიერთებას საკომუნიკაციო სერვერებზე და ეს არის მუხლები, რომლებიც ჩვენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას იძლევა.
ყველას გვახსოვს კასრები, ყველას გვახსოვს მასიური ჩაწერები, დღესდღეობით იგივე გარანტიები არსებობს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დონეზე, რაც არსებობდა იმ დროს, როდესაც ის კადრები შეიქმნა“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით კამპანია “ეს შენ გეხება”-ს ინიციატივას უერთდებიან „რესპუბლიკური პარტია“ და ალასანიას ყოფილი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“.
„კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, დაუსჯელად გვისმინონ და როცა უნდა ჩაგვერთონ და როცა უნდა გამოგვერთონ, ეს რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით. ამისთვის რაც შეიძლება ბევრი სარჩელი ბევრმა მოქალაქემ შეიტანოს და რეზონანსი მიეცეს ამ ამბავს, ეს არის ლეგიტიმური“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.