საზოგადოება
ბზობის კვირა: პრემიერი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, არ გაჩეხოს ბზა!

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ბზობის კვირას – 9 აპრილს, „წითელი ნუსხით“ დაცული კოლხური ბზის  მოჭრისგან და შეურთდეს აქციას „გაახარე შენი ბზა“.

მოსახლეობას წინასწარ ვულოცავ ბზობის დღესასწაულს და ვთხოვ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის გაჩეხვისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირიქით, გავამრავლოთ ეს ულამაზესი მცენარე. გასული წლების ისტორიით თუ ვიმსჯელებთ, უმოწყალოდ ხდება ამ  მცენარის განადგურება, რაც არ უნდა დავუშვათ. კარგია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ ამ მნიშვნელოვან თხოვნას“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

საქინფორმი შეახსენებს მკითხველს, რომ სპეციფიკური ეპიდემიის შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ე. წ. ქართული – კოლხური ბზის დიდი ნაწილი დაიღუპა.