საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. გუშინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები გამართა ქუთაისში. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში მან საზოგადოების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა.
„ჩვენი ემოციის, სულისკვეთების, ოცნებებისა და სურვილების საფუძველზე, კონსტიტუციონალისტებმა უნდა შექმნან დოკუმენტი, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც იწყება - ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი - უნდა ასევე დასრულდეს ამ ემოციით და მას ხელს ვაწერდეთ თითოეული ჩვენგანი.
ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომელი კონსტიტუციური მოწყობის მომხრე ხარ? გულწრფელად ვამბობ, რომ არ ვარ არცერთი კონსტიტუციის მოტრფიალე ან მომხრე. მე ვარ მომხრე კონსტიტუციური კანონის პატივისცემის და ისეთი კონსტიტუციის, რომელშიც იქნება სულისკვეთება ჩვენი ხალხის და ერის ასახული“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – იქნება თუ არა იგი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას სიკვდილის საქმის შესახებ ობიექტური გამოძიების გაგრძელების მომხრე? – მარგველაშვილმა განაცხადა:
„ტრადიცია ჩვენში ცოტა მძიმეა პრეზიდენტებთან მიმართებაში. პირველი არის ტრაგიკულად მოკლული, მეორე სახლში გვყავდა გამოკეტილი და გარეთ არ ვუშვებდით, მესამე სხვა ქეყანაში არის გაქცეული და არ ჩამოდის, მეოთხეს კონსტიტუციით გაურჩევთ საქმეს (მხედველობაში ჰყავს საკუთარი თავი – რედ.)... პრეზიდენტების პროფკავშირის შექმნასაც ვფიქრობ!“.