საზოგადოება
კანონპროექტს თამბაქოს შესახებ ალტერნატივა არა აქვს - ნინო წილოსანი

   საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი.  გუშინ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა პირველი მოსმენით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ იმსჯელეს.

თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელთა მიხედვით კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესებულების მეპატრონეს 500-დან 5 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრება.

ასევე ლაპარაკია თამბაქოს ყველა სახის რეკლამის აკრძალვაზე, მათ შორის ბილბორდებზე.

მაშინ, როდესაც ჩვენდაუნებლიეთ ვწამლავთ ჩვენს შვილებს, როდესაც ვზივართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, მე ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ ამ კანონპროექტს და მოვუწოდებ ყველას, რომ დაუჭიროს მხარი“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” მდივანმა ნინო წილოსანმა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერები ამბობენ, რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამით არცერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს.

„ჩვენ ამ მსოფლიო პროცესს, როდესაც მოწევის შეზღუდვა ხდება, ფეხი უნდა ავუწყოთ, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მოქალაქეები. შეიძლება, ადამიანი გრძნობდეს, რომ ეს მავნე ჩვევაა, მაგრამ სანქცირებას ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს“, - აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.