პოლიტიკა
დევნილების დაწიოკების პროცესი საერთაშორისო დონეზე განახლდა?!

gamosaxlebaXXდღეს, დილიდან, თბილისში მდებარე რამდენიმე კომპაქტურად ჩასახლების ადგილიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყო (წინასწარი ინფორმაციით, სულ 1400–მდე დევნილის გასახლება იგეგმება). დევნილებს ბაგებში მდებარე სტუდქალაქისა და ორხევის დასახლებაში მდებარე საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობებიდან ყრიან.

შენობებთან ასობით პოლიციელია მობილიზებული, რომლებიც, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დევნილებს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ.

ამის გამო დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის ქალებიც, რომლებიც პოლიციის ერთ–ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, გამოსახლებულ დევნილებს სამინისტრო ალტერნატიულ ფართებს რეგიონებში, კერძოდ კი კახეთსა და სამეგრელოში სთავაზობს.

საქინფორმმა სუბელიანის უწყებაში დაკავშირება მხოლოდ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელთან – იულია ხარაშვილთან შეძლო, რომელმაც განმარტა, რომ ლტოლვილთა განსახლების პროცესი გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით ხორციელდება:

„ეს ის შენობებია, რომლებიც დევნილებს არალეგალურად აქვთ დაკავებული. ჩვენთვის გასაგებია მათი პროტესტი, რომ რეგიონებში განსახლება არ სურთ, თუმცა დედაქალაქში ამჟამად ადგილები ფიზიკურად არ გვაქვს. რაც შეეხება რეგიონებში ადაპტაციასა და დასაქმებას, გვესმის, რომ ეს მტკივნეული საკითხია, თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველანაირად ვცდილობთ, მოვიძიოთ სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტები. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პრობლემის შესახებაც არიან საქმის კურსში", – განაცხადა ხარაშვილმა,  მაგრამ კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი და როდიდან დაიწყება მათი განხორციელება, ვერ დააკონკრეტა.

რაც შეეხება იმას, რატომ არ ესწრებიან გამოსახლების პროცესს სამინისტროს წარმომადგენლები, ხარაშვილის განცხადებით, პროცესს სამინისტრო არ აწარმოებს და ის მხოლოდ შემდგომ მონიტორინგს განახორციელებს, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება დედაქალაქში ნათესავებთან და ახლობლებთან მიმოფანტულ დევნილებზე მონიტორინგის ჩატარება, საკითხავია.

ამასთან, ხარაშვილის მტკიცებით, დევნილებს გამოსახლების შესახებ საინფორმაცია ფურცლები ჯერ კიდევ დეკემბერში დაურიგდათ, თუმცა დევნილთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ ამის შესახებ მათ მხოლოდ გუშინ აცნობეს. „ისიც კი არ ვიცით, სად უნდა წავიდეთ“, – ამ ფრაზას გაიგონებთ ყველა მათგანისგან, ვინც ჯერ კიდევ რჩება კომპაქტურად ჩასახლების ადგილების მიმდებარე ტერიტორიებზე.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვერც იმას აკონკრეტებს, რამდენ დევნილს მოუწევს „იძულებით გადაადგილება“ და როდის დასრულდება ეს პროცესი.

შეგახსენებთ, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი თბილისსა და რეგიონებში ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაიწყო, რასაც დევნილების სერიოზული პროტესტი მოჰყვა. გასული წლის შემოდგომაზე რამდენიმე დევნილმა სამინისტროს შენობის წინ პირი ამოიკერა და შიმშილობდა, აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ კი უწყების წინ თავი დაიწვა და გარდაიცვალა.