პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ნატო-ს 68 წლისთავს ულოცავს

   „თქვენო აღმატებულებავ,
მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 68 წლის იუბილე.
მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ნატო წარმოადგენდა გლობალური უსაფრთხოების მთავარ გარანტორს და ერთიანობითა და სიმტკიცით ახდენდა რეაგირებას მრავალ გამოწვევაზე, მათ შორის, ჰიბრიდულ ომზე, კიბერთავდასხმებსა და ტერორიზმზე.
თითქმის 70 წლის მანძილზე, ნატო კოლექტიური თავდაცვის წამყვანი ინსტრუმენტი და თანამოაზრე დემოკრატიების უნიკალური ტრანსატლანტიკური ოჯახია.
მისი დაარსების შემდეგ, ნატო-მ წარმატებით დასძლია სირთულეები და განახორციელა გაფართოების რამდენიმე ტალღა, რომლებმაც დაამტკიცა საკუთარი სარგებლობა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. 
დღესდღეობით, სწრაფად ცვალებადი უსაფრთხოების გარემო და ჩვენი, საერთო ევროატლანტიკური ოჯახის წინაშე არსებული მზარდი საფრთხეები, კიდევ უფრო ზრდიან ნატო-ს ცენტრალურ როლს მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის და მოგვიწოდებენ გაძლიერებული თანამშრომლობისაკენ.
საქართველო მიესალმება ფაქტს, რომ ვარშავის სამიტმა აღიარა შავი ზღვის მნიშვნელოვანი როლი და, როგორც ასპირანტი ქვეყანა და კონტრიბუტორი ჩვენს საერთო ევროატლანტიკურ ოჯახში, მტკიცედ განაგრძობს აქტიურ ჩართულობას ნატო-ს ყველა საქმიანობაში, რომელიც მიმართულია გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისაკენ. 
 ვსარგებლობ რა ამ შესაძლებლობით, მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველო-ნატოს ურთიერთობაში შეტანილი თქვენი პირადი წვლილისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ მისალოც წერილში.