პუბლიკაციები
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილი ნიკა გვარამიას ღიად უპირისპირდება

   როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ორშაბათს შპს-ს დააფუძნებენ, რომლის სახელწოდება იქნება „რუსთავი 2 ჩემია". აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რუსთავი 2"-ში შიდა თათბირი ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩევა წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში. შიდა თათბირის კადრები ეთერშიც გავიდა.

ნიკა გვარამია თანამშრომლების წინაშე სიტყვით გამოვიდა: იმისთვის, რომ ეს 51 პროცენტი იყოს რუსთავი ორელების მყარად, ეს 51 პროცენტი უნდა ეკუთვნოდეს შპს რუსთავი 2 ჩემია" - ასე გადავწყვიტეთ ერქვს. რასაც გადაწყვეტს ეს შპს, იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ამ საკითხზე შევთანხმდით, ახლა შევთანხმდეთ ვინ უნდა იყოს ეს შპს. აქაც არის სპეკულაციები, რომ თითქოს მე არ მინდა ვინმე იყოს და მინდა ვიღაცეები. ორი ვარიანტია, ან იყოს ფართო წარმომადგენლობა თქვენი 20-30 კაცი, ან იყოს ყველა. ყველა ნიშნავს, რომ თითოს ექნება 0,001 % და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება ასეთ შემთხვევაში. ეს იქნება რეალურად დასუსტება. ამიტომ გადავწყვიტოთ, ათასი ადამიანი ვიყოთ თუ კვოტირებულად: პროდაქშენმა წარადგინოს ამდენი ადამიანი, კურიერმა ამდენი, მენეჯმენტმა ამდენი და ა.შ.", - მიმართა გვარამიამ თანამშრომლებს.

მცირეხნიანი მსჯელობის, რამდენიმე თანამშრომლის აზრისა და იურისტის რეკომენდაციის მოსმენის შემდეგ, თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ვიწრო წარმომადგენლობის არჩევაზე.

გვარამიამ დაფაზე იმ ადამიანების გვარების და დეპარტამენტების ჩამოწერა დაიწყო, რომლებიც შპს-ს წარმომადგენლობაში უნდა შევიდნენ. გვარამიას მიერ დასახელებული თანამშრომლები ხმათა უმრავლესობით ჩაიწერა სიაში. დასახელებულებს შორის არიან: ნანუკა ჟორჟოლიანი, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი ლაფერაშვილი, დემნა ჯაფარიძე, გიორგი ხაბურზანია, ნინო არაზაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, პაატა იაკობაშვილი, მაია ასათიანი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, გიორგი ჯაფარიძე, გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ეკა სარია, თამთა მურადაშვილი, თავად ნიკა გვარამია. სულ 40 ადამიანი.

ეს არის დაახლოებით 2.5 %-ის მქონე თითო ადამიანი", - განმარტა გვარამიამ დასასრულს.

„რუსთავი 2"-ის თანამშრომლების შეხვედრა ეთერში თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადიოდა და შეხვედრა საკმაოდ შინაურ გარემოში მიმდინაორებდა. როგორც მალევე აღმოჩნდა, შეხვედრაში მონაწილე ბევრმა თანამშრომელმა, არ იცოდა იმის შესახებ, რომ შეხვედრა ტელეეთერით გადაიცემოდა. ამას არხის ჟურნალისტების და ტელეწამყვანების ნაწილის მწვავე და კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. უკმაყოფილოთა შორის არიან არხის პოპულარული სახეები, რომლებიც facebook-ის პოსტებში ფაქტობრივად, ღიად დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამიას.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

„ვაი, რა ცუდი საყურებელია რაც „რუსთავი 2"-ზე გადის.

ლეილას, რომელსაც სოციალური დამხმარება შეუწყვიტეს, თამუნას, რომელსაც წამლების ფული არ აქვს, მამამ, რომელმაც ყაჩაღების მოკლული შვილი დაკრძალა, დოდოს, რომელსაც მავთულხლართი გაუვლეს, „რუსთავი 2"-ის ეთერში უნდა საკუთარი პრობლემების მოსმენა და არა შიდა ინტრიგების. თუ მეტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკითხავთ, გარჩევა, ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს ეთერში უნდა გადიოდეს?

როცა საცვლებს გარეთ ცოლ-ქმარი ფენს არის საშინელი სანახავი და მე ახლა, „რუსთავი 2"-ის ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს. თან დასვრილს.

ეს არ არის სიმართლე, რასაც მაყურებელი ხედავს. იმიტომ, რომ არიან ადამიანები (ძალიან ბევრნი და მაყურებელი მათ უფრო კარგად იცნობს), რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ახლა „რუსთავი 2"-ის ეთერში გადის.

და ამ მასალის ეთერით გაშვება, დარწმუნებული ვარ, არ მოსწონს ბევრ „რუსთავი 2"-ელს.

ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყა. წილებს საჯაროდ იყოფენო.

მეც  მოვხვედრილვარ მო-თუ მეწილეთა სიაში. არ მინდა არანაირი წილი, არცერთი მხარის. მინდა ვიყო წამყვანი, დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც 12 წლის სტაჟის მიუხედავად, მფლობელს არ ვეუბნები მომცეს ის, რაც მას ეკუთვნის. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვას) ხვალ, სხვა კომპანიაში რომ დავიწყო მუშაობა, კომპანიის მფლობელს არ მინდა გაუჩნდეს შიში, რომ როდესმე მის საკუთრებას „ავახევ".

მოკლედ, არანაირი წილი არ მინდა. არავისი. „წილები გადმომიფორმეს" და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა.

და არც საკუთარ საცვალს მინდა ვხედავდე ეთერში."

ნანუკა ჟორჟოლიანი პირად გვერდზე ასევე ავრცელებს კომენტარს, რომელიც მისი თქმით, ვანო ჯავახიშვილის პოზიციას ასახავს: სრულიად ვიზიარებ შენს მოსაზრებას ნანუკა. სამწუხაროა, რომ ასე ცალმხრივად შუქდება მთელი ეს პროცესი. ასევე სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენს დაუკითხავად საუბრობენ ჩვენი სახელით. ადგენენ რაღაც სიებს და პირდაპირი ეთერის საშუალებით გვეპატიჟებიან თათბირზე, არც ეს მგონია მაინცდამაინც სწორი ფორმა, თანამშრომლებთან ურთიერთობის. ზოგადად კი, მგონია რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას, მინიმუმ ის მეორე მხარეც უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მიუთითებ, თუ როგორ გაგინაწილოს რამდენიმე მილიონად შეფასებული საკუთარი ქონება. ხოლო ამ შიდა თათბირის ეთერში გაშვება კი ძალიან კომიკური და არხის იმიჯისთვის დამაზარალებელია! პ.ს. ამ პოზიციას იზიარებს ვანო ჯავახიშვილიც", - ვკითხულობთ კომენტარში.

ეთერში წილების გადანაწილებას ცინიკური პოსტი მიუძღვნა P.S-ის ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმა:

Discovery Channel"-ის წილს კი ჩაიჯიბავდა კაცი ახლა! ერთი 30-40%", - წერს გოგოტიშვილი.

P.S-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი კი ამ სიტყვებით აფასებს ვითარებას: No comment!!!"

მაია ასათიანი, გადაცემა „პროფილის" წამყვანი:

მე - მაია ასათიანმა არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს ჩემთვის, არხის შიდა თათბირი ეთერში თუ გადიოდა".

ჟურნალისტების კრიტიკულ პოსტს facebook-ის პოსტითვე უპასუხა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ:

ადამიანები, ვისაც ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენის - კოლექტივისთვის მედიის გადაცემის პროცესის გასაჯაროება ბინძური თეთრეულის გამოფენა გონია, პირადად მე არც თუ მთლად ადეკვატური მგონია. და ეს ადამიანები თუ ჟურნალისტები არიან, მით უფრო", - წერს გვარამია.

რამდენიმე წუთში ნიკა გვარამიამ პირად გვერდზე ახალი პოსტი დაწერა, რომელშიც უკმაყოფილო თანამშრომლები მონიშნა და მათ მიმართა: ვისაც ეს პროცესები არ მოგეწონათ. პატივს ვცემ თქვენს პოზიციას. არავითარ ხინჯად არ მაქვს ჩარჩენილი გულში არც მე და დარწმუნებული ვარ, არც სხვას. თქვენ თუ თავისუფლად არ გამოთქვით თქვენი აზრი, რ2"-ის თავისუფლება რაღაა მაშინ?

ერთი გუნდი ვართ, და იმით ვართ ძლიერი, რომ აზრის გამოთქმის არ გვეშინია. წარმატებები ყველას ერთად!" - წერს გვარამია.