პოლიტიკა
“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების მიმართვა სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი.  „2004 წელს “რუსთავი 2”-ის 60% ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა დამფუძნებლებს“, - ამის შესახებ ტელეარხის დამფუძნებლების მიმართვაშია ნათქვამი.

„არცერთ ძირითად მოთამაშეს (მთავრობა, “ნაცმოძრაობის” ორი ფრთა) არ სურს გავლენიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის არსებობა. მათ ერთი საერთო ამოცანა აქვთ – მოახდინონ იგნორირება იმ ფაქტისა, რომ 2004 წელს მოხდა დანაშაული, ვინაიდან ამ ფაქტის აღიარების შემთხვევაში, ვერავინ გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების კანონიერ მოთხოვნას - დაუბრუნდეთ წართმეული ტელევიზია.

სტრასბურგი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, ქიბარ ხალვაშის მხარის წაგება სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებს ქართულ მართლმსაჯულებას. პარადოქსია, რომ ხელისუფლებას არც პროცესის მოგება აძლევს ხელს, ვინაიდან ხალვაშის მიერ საქმის მოგების ასეთი მაღალი დონის ლეგიტიმაცია გაზრდის მისი მოქმედების დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, ზრდის მის მიერ ჩვენთვის დაპირებული წილების დათმობის შანსებს.

რაც შეეხება ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას”, არსებული ბალანსის დარღვევის გზაზე პირველი ნაბიჯი გადაიდგა ყარამანაშვილების (სააკაშვილის ფრთის) მხრიდან. მათი წინადადება წილების 40% თანამშრომლებისთვის დათმობის თაობაზე არის მცდელობა – გაზარდონ საკუთარი პოზიციების მოჩვენებითი ლეგიტიმაცია სტრასბურგის პროცესში.

რაც შეეხება ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან (უგულავა-ბოკერიას ფრთა) გაჟღერებულ კონტრწინადადებას, საპასუხო შეთავაზება შპს-ს შექმნის თაობაზე გულისხმობს, ისევ და ისევ თანამშრომლების გამოყენებით დამყარდეს კონტროლი ტელევიზიაზე.

არსებული სიტუაციიდან ამგვარ გამოსავალს პოზიტიურად უყურებს ხელისუფლებაც: ამ სქემის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში დამოუკიდებელი “რუსთავი 2”-ის მაგივრად მივიღებთ კონტროლირებადი პარტიის მიერ კონტროლირებად ტელევიზიას!

შეუძლებელია ამ საქმის სამართლიანად დასრულება, სანამ არ აღდგება ჩვენი, როგორც “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების ორი შელახული ფუნდამენტური უფლება – კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება”, – ნათქვამია, კერძოდ, მიმართვაში.