საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამა

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა განიხილა, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პროგრამა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და იგი შესაძლებლობას მისცემს დევნილებს, სახელმწიფოს დახმარებით, ერთი მხრივ, მიიღონ პროფესიული განათლება, მეორე მხრივ კი, მიიღონ გრანტები სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად.

„პროგრამა იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარება მიკრო და მცირე მეწარმეობის მიმართულებით. ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, მიიღონ პროფესიული განათლება და დასაქმდნენ.  ჩვენ დევნილებს ვეხმარებით არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართით, მათ ასევე ვეხმარებით საარსებო წყაროების მიღებაში და ხელს ვუმართავთ, რათა წამოიწყონ მცირე მეწარმეობა, გადამზადდნენ და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. ძალიან კარგი პროგრამაა და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ სოზარ სუბარს ნაყოფიერი მუშაობისთვის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.