პოლიტიკა
ზრდა 4,8% – პრემიერმა კვირიკაშვილმა კომენტარი გაუკეთა 2017 წლის პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. 2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო - იანვრის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2% იყო; თებერვლის - 4,4%; ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,8%-იანი რეალური ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მისასალმებელია, - 2017 წლის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია კარგი დინამიკით მთელ რიგ მიმართულებებში, რომელთა შორისაა საწარმოთა ბრუნვა. ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს სამეზობლოში არსებულ პოზიტიურ დინამიკასაც უკავშირდება და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელი კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული იქნება.

„ეს მაჩვენებლები ასევე ადასტურებს, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს და რომ წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი აბსოლუტურად რეალისტურია. ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და დღეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, პრაქტიკულად მწვანე შუქი გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მიერ გამოცხადებული გეგმები აბსოლუტურად რეალისტურია და ფეხდაფეხ მივყვებით ცხოვრებაში მათ გატარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.