საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ლატვიელ კოლეგას საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა რიჰარდს კოზლოვსკისს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „სიმბოლურია, რომ თქვენი საქართველოში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის 28 მარტს, ამოქმედდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღეში საქართველოს შს სამინისტრო ხელს მოაწერს ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართლდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობას ახალ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადაიყვანს.
ლატვიის შს მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 28 მარტს გიორგი მღებრიშვილმა და რიჰარდს კოზლოვსკისმა ხელი მოაწერეს ოქმს სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მხარეებს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.