უცხოეთი
ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ხელი მოაწერა ევროკავშირისადმი წერილს Brexit–ის დაწყების შესახებ

   საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოსთვის გასაგზავნ წერილს, რომლითაც ფორმალურად დაიწყო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი.

BBC-ის ცნობით, ლისაბონის ხელშეკრულების შესაბამისად, ტერეზას მიერ ხელმოწერილი ოფიციალური შეტყობინება ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ოთხშაბათს გადასცა ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩმა ტიმ ბაროუ.

ტერეზა მეიმ თქვა, რომ ის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი დაიცავს ყველა ადამიანის ინტერესს, რომელიც ქვეყანაში ცხოვრობს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს. ბრექსიტის დასრულებამდე, ბრიტანეთის მთავრობამ უნდა მოიფიქროს, თუ როგორ მოექცევა მათ. ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, ბრიტანეთში, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, აქამდე მუშაობისა და ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

ბირტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც არაერთი კენჭისყრისგან და დოკუმენტის ხელმოწერისგან შედგება. ამ ყველაფერს კი დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.