საზოგადოება
კანონი მოსმენების შესახებ ხვალიდან ძალაში შედის

   საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. მოსმენების კანონზე მმართველი გუნდი ევროპელი კოლეგებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, ოპოზიცია კი კანონს აკრიტიკებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები გუშინ ე.წ. მოსმენების კანონზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფს შეხვდნენ.

მმართველი გუნდის წევრებმა კანონთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონი, რომელიც 2 დღეში უნდა ამოქმედდეს, იცავს როგორც ადამიანების უფლებებს, ისე საზოგადოების უსაფრთხოებას.

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას ოპოზიციის წევრები არ ეთანხმებიან. ისინი კონსულტაციებს გადიან საერთაშორისო ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ კანონთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდეს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ევროსასამართლოში.

„კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, კონსტიტუციის პრინციპის უხეში დარღვევით ტოვებს შესაძლებლობას, სუს-მა გააგრძელოს ადამიანების უკანონო მოსმენა და შემდგომ შანტაჟი“, - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ.