პოლიტიკა
საქართველო მე–18 საუკუნის დასაწყისს დაუბრუნდა

   საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. პრემიერი კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით ბრიუსელს ეწვია. პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართა.  დონალდ ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა მიულოცა.

პრემიერის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი მოტივაციაა ქვეყანაში დადებითი ცვლილებების განსახორციელებლად. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

ამგვარად, საქართველო მე–18 საუკუნის დასაწყისს დაუბრუნდა, როცა გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და მწერალი სულხან–საბა ორბელიანი ევროპაში უვიზოდ მოგზაურობდა...