პოლიტიკა
საქართველო ევროპას დაუახლოვდება, თუ რუსეთი, რომელიც მათ შორისაა, დაპატარავდება...

   საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. „საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს!“, – ამის შესახებ  ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ეს არის ისტორიული დღე ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხისთვის, რომლებიც დღეიდან ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით შენგენის ზონაში სამოგზაუროდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისა და საქართველოს შემდგომი დაახლოებისა და ურთიერთობის გამტკიცების გზაზე“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანეს მოტივაციას წარმოადგენდა შორს მიმავალი რეფორმებისა და ქვეყანაში დადებითი ცვლილებების განხორციელების მიმართულებით. უვიზო მიმოსვლა უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს და იქნება შესანიშნავი მოტივაცია ევროკავშირში სამომავლო ინტეგრაციისათვის. საქართველოს სწამს ევროპული მომავლის, - განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუახლოვდება, თუ რუსეთი, რომელიც მათ შორის მდებარეობს, „დაპატარავდება“.

რასაკვირველია, აქ იგულისხმება არა რუსეთის ფედერაციის გეოგრაფიული მასშტაბები, არამედ პოლიტიკური ასპექტი – ანუ, თუ რუსეთი თავის პოზიციებს დათმობს დასავლეთის წინაშე.