საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. „საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად!“ – განაცხადა გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გამოდის, რომ საქართველო დაბრუნდა იქ, სადაც არასოდეს ყოფილა... ისტორიული დღე ევროკავშირისა და საქართველოსთვის - ასე შეაფასეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება. ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა და მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის დარღვევებისა და არალეგალური მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.