პუბლიკაციები
"ტოტენჰემის მამალი" „ლოკომოტივის“ სტადიონზე - ჯუმბერ კირვალიძე

  საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი.  იხსენებს ქართველი პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:

„ალბათ, ქართული ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრები გამიგებენ და ნოსტალგიაც მოეძალებათ, ახალგაზრდებს კი, გაეცინებათ და გამხიარულდებიან, თუ ამ პატარა ისტორიას წაიკითხავენ, რომელიც 1973 წლის ნოემბერში გადაგვხდა თავს, მე და ჩემს მეგობრებს...

მცირე პროლოგი... ჩემი ბავშვობა, როგორც ჩემი თაობის უმრავლესობის, - ფეხბურთით იყო გაჯერებული, ფეხბურთით ვსუნთქავდით! რატომ? იმიტომ, რომ გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "დინამო" თბილისი იყო ის დიდი გუნდი, რომელიც მთელ საქართველოს ბედნიერებას ანიჭებდა! დიახ, სიხარულის და გამარჯვების ატმოსფერო ტრიალებდა ქალაქში, როდესაც საფეხბურთო მატჩის დღე დგებოდა! მეც, როგორც ათასობით პატარა ბიჭმა, ერთ თბილისურ ეზოში, დიდუბეში ვისწავლე ფეხბურთის თამაში. "მაიკაზე", ხან #11 "მეხატა", მიშა მესხის საპატივცემულოდ, ხან კიდევ #9, სლავა მეტრეველის ნომერი! ეს ორი უდიდესი ფეხბურთელი, ჩემი კერპები იყვნენ (დღესაც არიან!) და ორივე ერთნაირად მიყვარდა! მოკლედ, ჩემს შემთხვევაში, მოვლენები ისე განვითარდა, რომ 11 წლის ასაკში (1970 წელს), დიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ ("სწავლას თუ არ მოუკლებო"!), მამაჩემმა თბილისის 35 - ე საფეხბურთო სკოლაში (დირექტორი, შოთა მერკვილაძე, "ფიზრუკა".) მიმიყვანა, დედაჩემის მკვიდრ ბიძაშვილთან, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელთან, კოტე ოდიკაძესთან და წარსულში თბილისის "დინამოს" ცნობილ ფეხბურთელთან თენგიზ მელაშვილთან (არაჩვეულებრივ პიროვნებებთან, ღმერთმა გაანათლოს ისინი.). ბრწყინვალე სპეციალისტებთან, რომლების აღზრდილებმაც (1955 წელში დაბადებულებმა), იუნიორთა საკავშირო საფეხბურთო სკოლებს შორის გამართულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და ჩემპიონები გახდნენ! დღესაც მახსოვს იმ ბიჭების სახელები და მათი მაღალტექნიკური თამაში. სხვათაშორის, ბევრმა მათგანმა საკავშირო უმაღლეს და 1-ელ ლიგაში მოასპარეზე ქართულ გუნდებში, მაღალ დონეზე ითამაშა (კარლო ყარყარაშვილი, გია ზარიძე, ლევან მელიქია, ამირან ასათიანი, დათო ჟორდანია, გია ომიაძე, ზურა ჯაფარიძე, თენგიზ ანასაშვილი, გია ლომაია, "კიტრა" ცინცაძე.)... 

აი, ასეთ გარემოში აღმოვჩნდი 35 - ე სკოლაში, როდესაც მივედი. მე, 1959 წელში ვარ დაბადებული და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში გამამწესეს, სადაც ბევრი ნიჭიერი ბიჭი იყო, მათ შორის, საფეხბურთო საზოგადოებისათვის ცნობილები არიან - ილო რუხაძე (უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელმაც საბედისწერო ტრამვა მიიღო თბილისის "დინამოს" და ოდესის "ჩერნომორეცის" შეხვედრაში და წავიდა დიდი ფეხბურთიდან.) და ტარიელ დურდიაძე, რომელმაც თბილისის "დინამოში" დაიწყო თამაში და შემდგომ მრავალი წლის მანძილზე ბათუმის "დინამოს" ლიდერი და კაპიტანი იყო. დურდიკასთან ერთად წყვილში ვთამაშობდი (ცენტრალური მცველის პოზიციაზე). 35 - ე სკოლაში, ჩვენი მწვრთნელები ხშირად გვათამაშებდნენ ერთმანეთთან სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს, მაგალითად, ჩვენ საწვრთნელ სპარინგებში ხშირად ვხვდებოდით 1960 წელს დაბადებულებს (მწვრთნელები, გოგი მამალაძე, ოთარ კინწურაშვილი), სადაც თამაშობდნენ მომავალში ცნობილი ფეხბურთელები: ნუკრი კაკილაშვილი, მერაბ ჟორდანია, ოთარ კორღალიძე, რომიკო შოთაძე, ჯემალ მნათობიშვილი და სხვები. რა თქმა უნდა, რომ თბილისის "დინამოს" არცერთ შეხვედრას, რომელიც თბილისში ტარდებოდა ჩვენ არ ვაცდენდით (თუ ავად არ ვიყავით)...

და აი, 1973 წელს, უეფას თასის გათამაშების ერთ-ერთ ეტაპზე, თბილისის "დინამოს" ლონდონის "ტოტენჰემ ჰოტსპური" ერგო მეტოქედ. რასაკვირველია, რომ მე და ჩემი მეგობრები დავინტერესდით თუ ვინ თამაშობდა მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობაში და ყველა სხვა წვრილმანითაც, რაც ინგლისელების გუნდს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ "ტოტენჰემის" საფეხბურთო კლუბის სიმბოლო არის "დეზებიანი მამალი" და ამან მაფიქრებინა მე, რომ სტუმრებისათვის გაგვეკეთებინა ასეთი "სიურპრიზი". გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი "დინამოს" გამარჯვებაში ეჭვი არ გვეპარებოდა(!), მე ჩემს ორ მეგობარს, მამუკა მორჩილაძეს და გურამ ჯიშკარიანს ("პატარა მანუჩარს" ვეძახდით, ბურთის ტარება იცოდა ისეთი, ვერ წაართმევდი) შევთავაზე, რომ "დეზერტირების" ბაზარში გვეყიდა დიდი მამალი და როდესაც ჩვენები პირველ გოლს გაიტანდნენ, მაშინვე მინდორზე გაგვეშვა, რაც, ჩემი აზრით, "დამთრგუნველად" იმოქმედებდა მოწინააღმდეგეზე და გამარჯვებასაც ვიზეიმებდით! არ დაგავიწყდეთ, იმ დროისთვის 14 წლისანი ვართ! 

ასეც მოვიქეცით, მატჩზე დასასწრები ბილეთები ადვილად მოვიპოვეთ, როგორც "მომავალმა ფუტბალისტებმა", ოღონდ "ჯუნგლებში", ანუ "ლოკომოტივის" სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე (მაშინ, "დინამოს" ახალი სტადიონი ჯერ კიდევ შენდებოდა, რომელიც 1976 წლის ოქტომბერში გაიხსნა), რიგიც მახსოვს - 11 - ე! გეგმა "დავსახეთ" და შევუდექით მის განხორციელებას! მატჩის დღეს ვარჯიში არ გვქონდა და ამიტომ დავთქვით დრო "დეზერტირების" ბაზართან შესახვედრად, თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე. მახსოვს, მამლის საყიდლად სულ 15 მანეთი გვქონდა. ნახევარსაათიანი "ვაჭრობის" შემდეგ, ბაზრის პირველ სართულზე "ფრინველების განყოფილებაში" შევიძინეთ, უზარმაზარ დეზებიანი, ოქროსფერი, ვეებერთელა მამალი! გამყიდველს არ ვუთხარით თუ რისთვის გვინდოდა ("არ ჩაგვიშვანთქო", ვიფიქრეთ!) და იმანაც გროშ-კაპიკი არ დააკლო, - ზუსტად 15 მანეთი გამოგვართვა! "ტოტენჰემის განადგურების სახელზე ნაყიდ მამლაყინწას", დიდ სპორტულ ჩანთაში ვუკარით თავი და ვაკის პარკისკენ ფეხით დავიძარით! ახლა, მთავარი პრობლემა იყო "მამლიანი ჩანთის" შეტანა სტადიონზე, შესასვლელებში ჩხრეკდნენ! ხერხს მივმართეთ!.. "ტოტენჰემის მამალოს" თავზე დავაყარეთ ჩვენი, 35-ე სკოლის სიმბოლიანი მაისურები, რომელიც სპეციალურად წამოვიღე, ხოლო ფეხბურთის ბურთი ხელში დავიჭირე. ანუ, ისეთ სურათს ვხატავდით, თითქოს ვარჯიშიდან მოვდიოდით, თან ერთმანეთში ხმამაღლა ვლაპარაკობდით, რათა იმ შემთხვევაში თუ "ინგლისელების მამალი" რაიმე ხმას გამოსცემდა ჩანთიდან, ეს ხმა რომ "გადაგვეფარა"!.. ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ და "ჯუნგლებში" 11 - ე რიგში ჩვენს ადგილებზე რომ დავჯექით, შვებით ამოვისუნთქეთ! დაიწყო თამაში და მოუთმენლად ველოდებით იმას, თუ როდის გაიტანენ ჩვენები გოლს, მაგრამ თამაში სხვაგვარად წარიმართა, არა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. პირველი გოლი "ტოტენჰემმა" გაგვიტანა, - კოატსმა (კარგი გუნდი იყო, მაშინდელი "ტოტენჰემი". მეკარე, პატ ჯენინგსი, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარტინ პიტერსი, უძლიერესი ცენტრფორვარდი, მარტინ ჩივერსი და სხვები). "დინამოს" თამაში არ მისდიოდა, თითქოს ვუტევდით, მაგრამ სიმწყობრე აკლდა ჩვენების შეტევებს. მხოლოდ მეორე ტაიმში, კახი ასათიანმა შეძლო და ცუცურმა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა (ამ მატჩში, "დინამო" - ში თამაშობდნენ: ხურცილავა, ძოძუაშვილი, მაჩაიძე, ნოდია, ყიფიანი)! გოოოოოლლლლ, ვყვირივართ სიხარულისგან გაგიჟებულები, რაღაც წამები "გასაფრენი მამალი" აღარც გაგვხსენებია, ისეთი დაძაბულები ვიყავით. ჰოდა, ამ გამაყრუებელ ყიჟინაში, გურამი, თხოვნით სავსე თვალებით მიყვირის, - კირვალ, მამალს მე გავუშვებ რაო! არადა, სამივენი წინასწარ შეთანხმებულები ვიყავით, რომ მამალი მე უნდა "მესროლა" ისე, რომ სარბენ ბილიკზე მოხვედრილიყო და იქიდან, ფრინველს მწვანე მინდორზე "გაუწევდა გული"! საქმე ის იყო, რომ მე, მამუკაზე და გურამზე "ერთი თავით მაღალი ვიყავი" და შესაბამისად, ჩემი გრძელი ხელების მეშვეობით დასახულ ამოცანას უკეთესად გავართმევდი თავს! ახლაც მახსოვს გურამის თვალები, მამუკამაც შენიშნა ეს და მითხრა, - ეხლა მაგას უარი რომ უთხრა, "ვერ გადაიტანსო" (ღმერთმა აცხონოს და ნათელი დაუმკვიდროს ორივეს, მამუსაც და გუროსაც..)! - გურამმა კიბეები ჩაიარა და მიუახლოვდა თუ არა 5-6 რიგს, იქიდან "მოისროლა ტოტენჰემიჩი", რომელმაც იფრინა-იფრინა და პირდაპირ მილიციის პოდპოლკოვნიკს დააფრინდა სამხრეებზე, რომელიც გვერდითი მსაჯის სიახლოვეს იყო, ასე 7-8 მეტრში! შეშინებულმა ფრინველმა, მილიციელის მხრიდანაც ისკუპა და საფეხბურთო მინდორის გვერდით ხაზზე, წინ და უკან იწყო "კურსირება"! ეს მდგომარეობა სულ 20-25 წამი გაგრძელდა, თუმცა გულშემატკივრების და ფეხბურთელების ყურადღება მიიქცია ჩვენმა მამალმა, მერე კი, გვერდითი მსაჯის აქტიური დახმარებით და ჩვენი მილიციელების "განთქმული აბლავის შედეგად დააპატიმრეს" და ჩვენი ვარაუდით, - "ვახშამზე დაპატიჟეს"!

მატჩი 1:1 დასრულდა. ინგლისში კი, წავაგეთ, 5:1 (ხუთივე გოლი თავით გაგვიტანეს!). "ამის მიზეზი" გახლდათ ის, რომ, როდესაც ზორბეგ ებრალიძემ ლონდონის შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა, მე და ჩემი მეგობრები არ ვიჯექით ტრიბუნაზე და არ გვყავდა ლონდონის ცენტრალურ მარკეტში ნაყიდი მამალი, რომელსაც მე, მამუკა ან ისევ გურამი, გადავაფრენდით ლონდონის სტადიონზე და შეხვედრა ისევე, როგორც თბილისში 1:1 დამთავრდებოდა, ხოლო პენალტებში "დინამო" აჯობებდა, - "თავბურთის" მოთამაშე ინგლისელებს!

პ.ს. გაუმარჯოს, ქართულ ფეხბურთს, რომელმაც ყველაფერი საუკეთესო მომცა და მასწავლა ჩემს ცხოვრებაში! მარადიული ხსოვნა, გარდაცვლილ ქართველ ფეხბურთელებს, ქართველ მწვრთნელებს და ჭეშმარიტ ქართველ გულშემატკივრებს!“.