საზოგადოება
ზემო სობისსა და ქვემო სობისში 400-ზე მეტი ოჯახი უკვე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო სობისსა და ქვემო სობისში მოეწყო ახალი წყლის სისტემა – სასმელი წყლის მაგისტრალი და შიდა ქსელი ინდივიდუალური მრიცხველებით. ასევე, ჭაბურღილები, რეზერვუარები და საქლორატოროები და მოსახლეობას წყალი საკუთარ ეზოებში უწყვეტად მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

დასრულებული პროექტი გუშინ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (OSCE), ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის ღირებულება ჯამში დაახლოებით 1 200 000 ლარს შეადგენს.