რელიგია
100 წლის მანძილზე გაუქმებული ავტოკეფალია 100 წლის წინ აღდგა! (პატრიარქის ქადაგება, სვეტიცხოველი 25.03.2017)

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დიდება შენდა, ღმერთო, მადლობა შენდა, ღმერთო.

„დიდ ხარ, შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“

არის ისტორიული მოვლენები, ისტორიული თარიღები, რომელნიც თითქოს აღემატებიან თავის მნიშვნელობას; აღემატებიან, როგორც ისტორიულ მოვლენას. აი, ასეთი ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში. დიდი ღვაწლი, დიდი შრომა გასწია მეფე ვახტანგ გორგასალმა, როცა იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადგენილ იქნა პირველი კათალიკოსი პეტრე.

რა იქნებოდა საქართველო, რომ არ გვქონოდა ეკლესიის დამოუკიდებლობა?! ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მადლმა ღვთისამ ინება და საქართველოს მოენიჭა იგი.

ცნობილი დიდი კანონისტი, ბალსამონი, ამბობს, რომ საქართველომ და კვიპროსმა ნეტარი პეტრეს დროს მიიღო ავტოკეფალია და თავისუფლება. აი, ამ ორ სიტყვას ხმარობს, – ავტოკეფალია და თავისუფლება.

ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში. ტაძრები, რომლებიც აშენდა, წიგნები, რომლებიც დაიწერა, ეროვნული კულტურა, რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე – ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ მის აღდგენას. იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ.

ჩვენ თავს ვხრით კირიონის, ლეონიდეს კალისტრატეს, ანტონ გიორგაძის და სხვათა წინაშე, რომელთაც დიდი ღვაწლი, დიდი შრომა მიუძღვით ამ საქმეში.

ეხლა ჩვენ გადავიხდით პანაშიდს ყველა ჩვენი წინაპრისათვის, რომელთაც იღვაწეს საქართველოსთვის და ეკლესიისთვის.

ჩვენთან არს ღმერთი!

25 მარტი, 2017 წელი.
ავტოკეფალიის აღდგენის დღე.
სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარი.