საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ა.წ. 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები მიიღო. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და ამასთან საქართველოს პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჩვენგან არ კონტროლდება და რომ აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა მშვიდობიანი მეთოდებით.
სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს არსებული მძიმე მდგომარეობის გამო და ამასთან იმედიც, – გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრასთან დაკავშირებით. მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში და ხაზი გაუსვეს კათოლიკოს-პატრიარქის პიროვნების როლს როგორც საქართველოს, ისე რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით.