პოლიტიკა
აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დამთავრდა

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. 20:00-ზე დაიხურა საარჩევნო უბნები აფხაზეთში, სადაც კვირას პარლამენტის არჩევნების მეორე ტური დამთავრდა, იუწყება სააგენტო Sputnik Абхазия.

სულ რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 საარჩევნო უბანი მუშაობდა. ხმის მიცემა მიმდინარეობდა 22 საარჩევნო ოლქში. ამომრჩევლები ყოველ ოლქში ორიდან ერთ კანდიდატს ირჩევდნენ, რომელმაც პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა დააგროვა. მეორე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისია ხმათა არითმეტიკული უმრავლესობა, მიუხედავად არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობისა.

18 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა საშუალო გამოცხადებამ 53.05%-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ლიდერობს გალის რაიონი - 63.6%, მეორე ადგილზეა ოჩამჩირის რაიონი - 60.7%, ხოლო მესამეზე - გუდაუთის რაიონი 58.8%-ით.

აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხმა დილის 9 საათზე მისცა სოხუმის №14 სკოლაში განლაგებულ საარჩევნო უბანში. ჟურნალისტებთან საუბრისას რესპუბლიკის მეთაურმა რწმენა გამოთქვა, რომ ქვეყნის ახალი პარლამენტი შრომისუნარიანი იქნება.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური აფხაზეთში 12 მარტს ჩატარდა. ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში ადგილებისთვის 35 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 137 კანდიდატი იბრძოდა. 23 ოლქში ხმათა 50%-ზე მეტის დაგროვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.