საზოგადოება
გარევაჭრობის წინააღმდეგ თბილისის მერიამ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ადგილას უკვე დაშალეს უკანონო კონსტრუქციები. გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს  არაერთხელ მიმართეს მოქალაქეებმა, რომლებიც  ანტისანიტარიას, გზებზე არსებულ შეფერხებას და თბილისის იერსახის დამახინჯებას აპროტესტებდნენ.

დედაქალაქის მთავრობამ უკვე გამართა მოლაპარაკება ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებთან, რომელიც გარემოვაჭრეებს რამდენიმე ბაზრობაზე შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, ადგილს დაუთმობს.

„თბილისში ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება, განსაკუთრებით, ცხელ წერტილებში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი გარევაჭრობა და ეს ხელს უშლის გარკვეული პირობების მოწესრიგებას. თუკი გაჩნდება ასეთი კერები, ბუნებრივია, ჩვენ კანონის შესაბამისად გვაქვს შესაძლებლობა, რომ კონსტრუქციები, რომლის განთავსებაც დაშვებული არ არის, გავასუფთაოთ ისე, როგორც გავასუფთავეთ აქამდე“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.