საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. „მარგველაშვილმა ითამაშა ნაცების თამაში – ნდობაში შევიდა ბიძინა ივანიშვილთან, შეძვრა „ქართულ ოცნებაში“ და როცა თავი პრეზიდენტის სავარძელში დაიგულა, გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე!” – აცხადებს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში მჟავანაძე 11-12 მარტს ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ის, რაც ბათუმში მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა ნაცების გეგმის ნაწილი. იცით, რატომ აქვთ ნაცებს ყურები ჩამოყრილი და რატომ არიან უხასიათოდ? იმიტომ, რომ ბათუმში მათ სჭირდებოდათ მსხვერპლი, გვამები, რასაც ქვეყანა გადაურჩა! თუ ბათუმში სისხლი დაიღვრებოდა და ვინმე მოკვდებოდა, ნაცებთან ერთად, პრეზიდენტი მარგველაშვილი მაშინვე საგანგებო განცხადებით მოგვევლინებოდა და დღევანდელ ხელისუფლებას შეუტევდა! აი, ასე ჰქონდათ ერთობლივად დაგეგმილი ყველაფერი, მაგრამ ჩაუფლავდათ და ამიტომაც აქვთ გლოვა“, – აცხადებს ინტერვიუში ნიკოლოზ მჟავანაძე.