სამართალი
საქინფორმი: განაცხადეს რა, რომ ზოგიერთი თანამშრომლის ხელფასი 60 000 ლარია, ძმებმა ყარამანაშვილებმა ირიბად დაადასტურეს, რომ „რუსთავი 2“–ს სააკაშვილი აფინანსებს!

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი.  მიუხედავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ძმები ყარამანაშვილები საკუთარ თავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მფლობელებად მიიჩნევენ, რომლის 40%–იც უანგაროდ შეთავაზეს „კოლექტივს“. მიშა სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის აქციების 91%-ის ყოფილი მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებით მიმართავენ “რუსთავი 2”-ის კოლექტივს, სადაც გამოთქვამენ მზადყოფნას, ტელევიზიის წილის 40% თანამშრომლებს გადასცენ.

„რომ არა თქვენი ყოველდღიური თავდადება, დღეს “რუსთავი 2” აღარ იარსებებდა, ან უკვე გადაქცეული იქნებოდა ივანიშვილის პირად, პროპაგანდისტულ არხად. ის, რაც თქვენ შეძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის შეტევა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად ღია ფაზაში შევიდა, არის სამოქალაქო გმირობა, რომელიც შევა საქართველოს ისტორიაში.

თქვენი პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და პრინციპულობისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ტელეკომპანიის მფლობელებმა გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ შემდეგი:

ჩვენი წილები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში (40%) უსასყიდლოდ გადაეცეს ტელეკომპანიის კოლექტივს, რათა თქვენ უკვე მფლობელების რანგში გახდეთ ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე.

ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, რომ წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე.

“რუსთავი 2”-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60 000 ლარამდე. ყოველი მათგანის კონტრიბუცია ტელეკომპანიის ფუნქციონირებაში უნიკალური და ფასდაუდებელია. მოგმართავთ თხოვნით, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა არავის ღვაწლი არ დარჩეს უღიარებელი და წილები კოლექტივს გადაუნაწილდეს ღიად და სამართლიანად", - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.

საქინფორმი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ ფრაზას ზემომოყვანილი განცხადებიდან: რუსთავი 2”-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60 000 ლარამდე“. 60 000 ლარი, ეროვნული ვალუტის დღევანდელი კურსითაც კი, 25 000 აშშ დოლარია, რაც 6–ნახევარჯერ აღემატება საქართველოს პრეზიდენტის ხელფასს!

თუმცა სწორედ ამდენს, თურმე, ყოველთვიურად იღებენ გენდირექტორი გვარამია და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა ტელეკომპანიას ვალები აქვს – 6 მლნ დოლარზე მეტი! და მაშასადამე, მათ აფინანსებენ სპონსორები – ანტირუსული პროპგანდის შემკვეთები და არაფორმალური მფლობელი – მიშკა სააკაშვილი!