საზოგადოება
ე.წ. მოსმენების კანონპროექტის ძველი ვერსია საქართველოს პრეზიდენტს ხელის მოსაწერად კიდევ ერთხელ გადაეგზავნა

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. გუშინ ე.წ. მოსმენების კანონპროექტის ძველი ვერსია საქართველოს პრეზიდენტს ხელის მოსაწერად კიდევ ერთხელ გადაეგზავნა. გადაწყვეტილების მისაღებად გიორგი მარგველაშვილს ერთკვირიანი ვადა აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა კვლავ უარი თქვა, კანონპროექტზე ხელმოწერის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.

საკანონმდებლო ორგანომ 21 მარტს ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო 93-ით 21-ის წინააღმდეგ დაძლია.

პარლამენტის უმრავლესობის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტისთვის გადაგზავნილი ე.წ. მოსმენების კანონის მიხედვით, ფარული მიყურადების განხორციელებას სახელმწიფო იურიდიული პირი, სპეციალურად შექმნილი სააგენტო შეძლებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიხედვით კი, რომლებიც დეპუტატებს ანა დოლიძემ გააცნო, ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო პირდაპირ პრემიერ–მინისტრის დაქვემდებარებაში უნდა იყოს, სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე უნდა განახორციელოს.

მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტის არგუმენტები მიუღებელი აღმოჩნდა ისევე, როგორც მომხსენებლის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ტონი.