საზოგადოება
„თუ პრეზიდენტი ჯაშუშია და ემსახურება ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს, გადადგით შესაბამისი ნაბიჯები!“ - პრეზიდენტი პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს?!

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე. საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციასთან უნისონში მოქმედებაში ადანაშაულებს.

საპარლამენტო ტრიბუნასთან განცხადებით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

მოგიწოდებთ, შეიტანოთ განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, შპიონაჟზე. სხვა შემთხვევაში მსგავსი კუდიანების დევნა გვახსენებს იმ ეპიზოდებს, რომლის გახსენება არც თქვენ გსურთ, არც ჩვენ და არც საქართველოს მოსახლეობას. თუ თვლით, რომ პრეზიდენტი არის ჯაშუში და ემსახურება რაღაც ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებს, გადადგით შესაბამისი ნაბიჯები, თუ არადა, ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და კონსოლიდირებულობისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ ე.წ. მოსმენების კანონზე მუშაობა ამ ეტაპზე არ მთავრდება. მისი თქმით, ბრძოლა, შესაძლოა, გაგრძელდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სტრასბურგში“.

პარლამენტში განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემაც.

„ვის სჭირდება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემის დასუსტება და რისთვის? ამ შეკითხვას ჩვენ კიდევ არა ერთხელ გავიმეორებთ, იმიტომ რომ მეტი არგუმენტები ჩნდება უკვე ამ კითხვის დასასმელად“, - განაცხადა თალაკვაძემ.