პუბლიკაციები
გაერო: საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 კაცამდე შემცირდება

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება, – ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

“2014 წლის 4-19 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წლის აღწერის შედეგებთან (4 371 535 ადამიანი) შედარებით 15%-ით შემცირდა და მოსახლეობის საერთო რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2,985,000 გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევების მიხედვით, ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. შესაბამისად, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით.

პოლიტიკის ნარკვევის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესწავლა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოში არსებული დემოგრაფიული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრატეგიის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს შობადობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი რისკების მაქსიმალურად შემცირებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის #262 დადგენილებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება. თუმცა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნას და საჭიროებს გაუმჯობესებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით.

წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, სადაც გათვალისწინებული იქნება ოჯახის/ბავშვის დახმარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

– ოჯახის/ბავშვის ფინანსურ დახმარების სახელმწიფო პროგრამა გარდაიქმნას კომპლექსურ დახმარების პროგრამად, რომელშიც ასახული იქნება არა მხოლოდ ფინანსური დახმარების საკითხები, არამედ ოჯახის მხარდაჭერის სხვა ზომებიც (საგადასახადო და კომუნალური შეღავათები, ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებით ხარჯების თანადაფინანსება და სხვა);

– ოჯახის/ბავშვის ფინანსურ დახმარების სახელმწიფო პროგრამა გათვლილი იქნეს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ხელს შეუწყობს პროგრამის შეზღუდული ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას, ფინანსური დახმარების ოდენობის გაზრდას და ბავშვის საჭიროებებთან მიახლოებას. ამავე დროს, პროგრამის ბიუჯეტის ზრდა შესაძლებელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარების, საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მექანიზმების დანერგვის და სოციალური პასუხისმგებლობის ფონდის შექმნის გზით, რათა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორც ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა და ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობაა, თავისი წვლილი (სურვილისშემთხვევაში) შეიტანონ მეწარმეებმაც;

– ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, აღნიშნულ რეგიონში წინა მე-2 და მე-3 წლის განმავლობაში დაფიქსირდა თუ არა წლიური მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი.

– ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება წარმოიშვას პირველი ბავშვის შეძენის მომენტიდან და დახმარების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნას დაბადებული ბავშვის რიგითობა ისე, რომ ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენისას მეტი ფინანსური გარანტიები გაუჩნდეს ოჯახს. ამასთან, ფინანსური დახმარების პერიოდი გაიზარდოს და მაქსიმალურად მიუახლოვდეს ბავშვის სრულწლოვანების ასაკს;

– სახელმწიფო პროგრამამ უზრუნველყოს განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვისთვის ან ერთი მშობლის მიერ ბავშვის დამოუკიდებლად აღზრდის შემთხვევაში ფინანსური დახმარების დამატებითი გარანტიების შექმნა.

2. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან ოჯახის/ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკა განახორციელონ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამასთან კოორდინირებულად. კერძოდ:

– ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან განხორციელდეს დამატებით იმგვარი სახის დახმარება, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით;

– ადგილობრივ თვითმმართველობებში ფინანსური სახსრების მობილიზება მოხდეს იმგვარად, რომ თითოეულ რეგიონში მსგავსი სოციალური ფენის ოჯახებისთვის არსებობდეს სახელმწიფო დახმარების ერთიანი სტანდარტი;

– ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტით უზრუნველყონ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური შეღავათების დაწესება კომუნალურ გადასახადებზე, სახელმწიფო ტრანსპორტით სარგებლობაზე და სხვა სახელმწიფო სერვისებზე, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასა და მზრუნველობასთან.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უკეთესი პირობების და ჯანმრთელობის დაზღვევის მეტი გარანტიების შექმნა.

5. საქართველოს შრომის კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის შვებულებაში გასვლის წინა თვის ანაზღაურების ოდენობის 100%-ით და გაუქმდება შრომის კოდექსით დადგენილი ანაზღაურების ოდენობის ზედა ზღვარი (1,000 ლარი).” ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფრომაციაში.