უცხოეთი
საქართველო მსოფლიოს უიაფესი ქვეყნების ხუთეულშია

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ცნობილი კვლევითი პორტალის NUMBEO–ს ცხოვრების ღირებულების ინდექსის თანახმად, საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ხუთეულში მოხვდა.

ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. ცხოვრების ღირებულების ინდექსი არ მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ბინის ქირა.

საქართველოს ინდექსი, რომელიც 121 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილას აღმოჩნდა, 27,37 შეადგინა. შარშან საქართველოს ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში შედიოდა და 28,71–ის ტოლი ინდექსით მეშვიდე ადგილს იკავებდა.

ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ეგვიპტე ინდექსით 22,36, მეორეზე ინდოეთი — 25,08, მესამეზე უკრაინა — 26,22 და მეოთხეზე პაკისტანი — 27,18.

ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში ასევე საქართველოს უახლოესი მეზობელი აზერბაიჯანი მოხვდა, რომლის ინდექსმა 27,76 შეადგინა. ამ ინდექსით აზერბაიჯანმა მეექვსე ადგილი დაიკავა. შემდეგ მოდის სირია — ინდექსი 28,31 და მოლდოვა — ინდექსი 28,37, რომლებმაც შესაბამისად მეშვიდე და მერვე ადგილები დაიკავეს.