საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში თბილისში ახალგაზრდებს შეხვდა და უპასუხა მათ შეკითხვებს, რომლებიც განათლების ხელმისაწვდომობას, ქვეყნის ნარკოპოლიტიკას, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სხვა საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრა სამაუწყებლო კომპანია „არტ არეას“ ორგანიზებით გაიმართა.
„როდესაც კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა მიმდინარეობს, ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს. მათი აზრი იქნება მიღებული, მოსმენილი და შესაძლოა, სხვათა აზრთან ჭიდილში რაღაცა თანხმობამდე მივიდეთ. ეს არის კონსტიტუციონალიზმის დისკურსი, ეს არის თავისუფლების განხორციელება.
მიმაჩნია, რომ ჩვენი შეხედულების გამოხატვით ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს, თუ რა ფორმით და რა შინაარსით უნდა დაიწეროს, გადაიწეროს ფუნდამენტურად საქართველოს კონსტიტუცია. იმიტომ, რომ როდესაც ისინი ამა თუ იმ პოსტულატს ქმნიან, უნდა ფიქრობდნენ, აი ამ საკითხთან დაკავშირებით რას გვიკვეთავს ქართული საზოგადოება, რას გვიკვეთავს ქართველი ხალხი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.