პოლიტიკა
იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

   საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ პრეზიდენტისგან ვერ მოისმინეს არგუმენტები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაინტერესდა, ენდობა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რაზეც ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ნდობის საკითხის წამოჭრა არარელევანტურია, რადგან მოტივირებული შენიშვნები ემოციურ დამოკიდებულებას არ ითვალისწინებს.

კომიტეტის სხდომაზე პირველად კენჭი ეყარა მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც მხარდაჭერა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციამ გამოუცხადა. მეორე კენჭისყრა კი საპარლამენტო უმრავლესობამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩაატარა. კანონპროექტმა მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა მიიღო.

„მე არ მესმის ამ ლოგიკის არსი, რასაც გვთავაზობს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ ეს ისედაც იგულისხმება, რომ არის პრემიერ–მინისტრის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. თუ ჩვენ გვინდა, რომ მოვშალოთ ყველა დაცვის ზღვარი და მაქსიმალურად გავაშიშვლოთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, წავართვათ მექანიზმები და რომანტიული კანონები ვწეროთ, ხელისუფლება ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ვერ აჩვენებს“, - აცხადებს ეკა ბესელია.