საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს (ლაგოდეხი) მე-7 სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მესაზღვრის დღე მიულოცა, რომელიც 21 მარტს აღინიშნება.
"თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის", - განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას.
იმავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიკლოში იმ მესაზღვრეებს შეხვდა, რომლებიც N7 სასაზღვრო სექტორის დროებით სასაზღვრო პოსტზე მსახურობენ და მათაც მიულოცა დღესასწაული.
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ხუთწლიან მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, ინფრასტრუქტურის განახლებას, საზღვაო ფლოტისა და ავიაციის საშუალებების მოდერნიზაციას.