აქტუალური
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის განხილვა მოეწყო

   საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. განხილვაში საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა.

სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი თავდგირიძემ წარადგინა. ახალი კონცეფციის მიხედვით, უნდა შეიქმნას აქტიური სარეზერვო სამსახური, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს: ესაა შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახურის კონცეფცია მთლიანად დამყარებულია ნებაყოფლობით მონაწილეობაზე. 18-დან 55 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, თუკი დააკმაყოფილებენ სპეციალურ მოთხოვნებს, ყოველწლიურად გაივლიან 45-დღიან მომზადებას ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ამ პერიოდში ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც წოდებრივი სარგოს 20% წარმოადგენს. რეზერვისტი ასევე აფორმებს 5-წლიან კონტრაქტს,  რომელიც ავალდებულებს მას, შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდეს ქვედანაყოფში.

პირველ ეტაპზე შეიარაღებული ძალების რეზერვის ოპტიმალური რაოდენობა 1500-მდე რეზერვისტით განისაზღვრა. ახალი კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში პირველი საპილოტე გაწვევა 2018 წელს განხორციელდება.