საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტემიულერს შეხვდა. შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც ესწრებოდა.
შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და ძალისხმევას არ იშურებს ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შს სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან შავ ზღვაზე ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღკვეთის მიმართულებით. ამასთან, შსს-ს თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებში, ფორუმებსა და სამუშაო ჯგუფებში.
გიორგი მღებრიშვილმა და როუზ გოტემიულერმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.