საზოგადოება
საქინფორმი: პრეზიდენტ მარგველაშვილის ქალიშვილი, სახელად ანა, პოლიტიკაში ჩაერთო (ვიდეო)

   საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი მისი მეგობრის დაპატიმრებას გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს. ამ თემაზე ანა მარგველაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ სურამში, იმ რესტორანში ილაპარაკა, სადაც 2 დღის წინ მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო იხ. აქ).

თავად ბრალდებულიც და მისი თანმხლები პირებიც ამტკიცებენ, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში მქონდა მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მეუბნებოდა, რომ ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რაღაცის გაკეთებას. უფრო ეგონა, რომ იარაღს ჩაუდებდნენ, მაგრამ 18 აბი სუბუტექსი... მაგრამ იმდენად არანაირი შეხება არ ჰქონია არასდროს ასეთ თემაზე, არასდროს ყოფილა ამაზე არც გაჩერებული და არც დაჯარიმებული, რომ ვერც წარმოვიდგენდით ეგეთ რაღაცას. აპირებენ კიდევ იგივეს გაკეთებას ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავასთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლის. მგონი, უნდა ვუშველოთ რამე ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე“, - განაცხადა ანა მარგველაშვილმა საკუთარ მამაზე მესამე პირში ლაპარაკისას.

საქინფორმი: ეს ყველაფერი შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - პრეზიდენტის ქალიშვილი პოლიტიკაში ჩაერთო და, სავარაუდოდ, სათავეში ჩაუდგება ახალგაზრდული ელექტორატის აგიტაციას მოქმედი პრეზიდენტის მიერ პრაქტიკულად უკვე დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რადგან 2018 წელს მარგველაშვილი თავისი კანდიდატურის წარდგენას აპირებს მეორე ვადით.

სხვანაირად, საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებზე ეჭვის მიტანა, თითქოსდა ისინი ანგარიშს უსწორებენ ყველასთვის უცნობ ახალგაზრდა ბიჭებს ვითომდა მათი მეგობარი ანას მამის - პრეზიდენტ მარგველაშვილის ანტისამთავრობო განცხადებების  გამო, როგორც მინიმუმ, ალოგიკური და უპატიოსნოა.