საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან კარვის გაშლას შეეცდებიან

   საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულები 20 მარტს ისევ მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი კანცელარიასთან კარვების გასაშლელად ოფიციალურ ნებართვას ითხოვდნენ. დაზარალებულებს მერიის წარმომადგენლები არ შეხვედრიან.

დაზარალებულების და მათი ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანცელარიასთან კარვების გასაშლელად სპეციალური ნებართვა არ სჭირდებათ, ისინი მაინც მოითხოვენ ნებართვას წერილობითი ფორმით, რადგან პოლიცია არ აძლევს საშუალებას, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან კარავი გაშალონ. ხანძრისგან დაზარალებულებს მერიის შენობაში შესვლაც უნდოდათ, თუმცა დაცვის სამსახურმა არ შეუშვა.

დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. მისი თქმით, მთავრობის კანცელარიასთან დღეს, 21 მარტს 15:00 საათზე კარავი გაიშლება. 

“ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები თითქმის ორი კვირაა, კანცელარიის შენობასთან შიმშილობას აგრძელებენ. ისინი ითხოვენ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ფულად კომპენსაციას, მათთვის ალტერნატიული სავაჭრო ფართობის მოძიებას და ბანკში გადასახდელი პროცენტების შეჩერებას.