საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების რესტავრაციასთან დაკავშირებით როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ამჯერად საქართველოში უკვე ოთხი მეჩეთის და ერთი აბანოს, ხოლო თურქეთში ოთხი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოaდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია- მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.
ამდენად, თურქეთის მხარისათვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები, ბუნებრივია, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან-საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა. ეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია. თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა. რატომ არ იქნა ეს გზა გამოყენებული, არ ვიცით. ხოლო თუ დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენთვის საპრობლემო საკითხებიდან ამჯერად მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას: ა) ადრეც აღვნიშნავდით, და ახლაც ვიმეორებთ, რომ თურქეთი მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოდ, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამიტომაც, ბუნებრივია, ისმება კითხვა: მაშინ, როდესაც საქართველოში ახლადგახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით? ბ) შევნიშნავთ იმასაც, რომ, როგორც თურქული მხარისათვის არის მნიშვნელოვანი გარკვეული მეჩეთების პრიორიტეტად წარმოჩენა, ასევე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგალითად, ლაზებით დასახლებელ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა; ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნა; ასე რომ, საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით. და ბოლოს, უნდა თავიდანვე განისაზღვროს ისიც, თუ ვის საკუთრებაში იქნება საქართველოში აღდგენილი მეჩეთები, თურქეთში კი - ტაძრები. ვიმედოვნებთ, ჩვენს მიერ წამოყენებული წინადადებები მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, რაც ჩვენს შორის ურთიერთობას კონსტრუქციულს გახდის. საპატრიარქოსთან შეთანხმებით. 18 იანვარი, 2011 წელი