საზოგადოება
ჯუმბერ კირვალიძე: ხელისუფლებას გაუმართლა, რომ ბათუმში ქართველი „ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა“ არ გამოჩნდა“!

   საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი.
მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით და მსხვერპლი არ არის, თორემ ბათუმში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გვექნებოდა, -  ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ბათუმში მომხდარ არეულობას.

ის მადლობას უხდის სპეცრაზმელებს, რომლებიც  არ სკანდირებდნენ "ბი-ძი-ნა, ბი-ძი-ნა"-ს, როგორც მათი წინამორბედები 2009 წლის მაისში "მი-შა, მი-შა"-ს.

"თბილისში ნაცმოძრაობის ლიდერები ღამით ტურებივით გამოვიდნენ რუსთაველის პროსპექტზე, ალბათ იმის მოლოდინით, რომ ბათუმში მოვლენები ტრაგიკულად განვითარდებოდა. თუ გახსოვთ, თავის დროზე, მათი გენერალური მდივანი "ორ ტრუპს მოითხოვდა და პრემიებს პირდებოდა ხელქვეითებს", - ეს ნაცების "პარტიული სტილია"! ხელისუფლებას სიფხიზლისკენ მოვუწოდებ, ნუ გამცონარდებიან. გასაგებია, რომ დღეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები იმდენად სუსტია, რომ მათი ხელისუფლებას არ ეშინია, მათ შორის, არც გაყოფილი ნაცების! აი, ბათუმის პორტში რომ ქართველი "ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა" გამოჩენილიყო, თუნდაც ნულოვანი პოლიტიკური ბექგრაუნდით, რომელიც 5-6 ათას ადამიანს სოციალ-ეკონომიკური მოთხოვნებით ქალაქის ცენტრისკენ "დაძრავდა", მაშინ ხელისუფლება მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა", - წერს ჯუმბერ კირვალიძე.