პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არმია რუსეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ მოექცა - გიორგი მარგველაშვილი

   საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. 16 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილმა 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა და ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ურთიერთობის დღის წესრიგსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

"ჩემი ქვეყანა ბოლო 25 წლის განმავლობაში გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თითქმის ყველა საერთაშორისო მისიის აქტიური მონაწილეა. ამავდროულად, საქართველო არის სამწუხარო მაგალითი პრივილეგირებული ინტერესთა ზონის კონცეფციაზე აგებული საერთაშორისო ურთიერთობის. საქართველო არის ოკუპირებული მეზობელი, ძალიან ძლიერი ბირთვული ქვეყნის, რუსეთის მიერ. ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელსაც წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მეზობელი სახელმწიფოსგან იტანჯება. გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არმია რუსეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ მოექცა. ვფიქრობ, რომ მომავალი სტაბილურობა მსგავს შემთხვევებზე ძალიან მკაცრ და კრიტიკულ რეაგირებაშია”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.