საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორ ი.ჭ-სა და მასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების: ვ.ს-ს და ვ.შ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
მიმდინარე წლის 16 მარტს აღნიშნული პირები ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ვ.შ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები - პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა.
ი.ჭ-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინიექციოდ გამზადებული შპრიცი - სითხის შიგთავსით.
მოქალაქე ვ.შ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.