აქტუალური
საქართველოში ინფლაციის დონეს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

inflationასეთ აზრს გამოთქვამს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე. ის ამბობს, რომ ინფლაციასთან ერთად, როცა ოფიციალური მონაცემებით, საარსებო მინიმუმმა 150 ლარს მიაღწია და რეალურად ეს ციფრი უფრო მაღალია, შეუძლებელია ქვეყანაში სიღატაკის მაჩვენებელმა დაიკლოს.

“მით უმეტეს 60 პროცენტით, როგორც ეს პრეზიდენტმა განაცხადა აშშ-ში ვიზიტისას. პირიქით, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.”, – აცხადებს გიორხელიძე.

ექსპერტი ზუსტ მიზეზს ვერ აკონკრეტებს, თუ რაში დასჭირდა ხელისუფლებას ასეთი ციფრის დასახელება, თუმცა დასძენს, რომ ეს სოციალური აფეთქების შიშით არ იყო გამოწვეული.

“არა მგონია სოციალური აფეთქების ეშინოდეს და ამიტომ მალავდეს. ქართველი ხალხი ასეთი პოტენციალის მატარებელი არ არის. ეს შესანიშნავად იციან. გარკვეულ წრეებში ასეთი სიცრუე გაღიზიანებას და პროტესტს გამოიწვევს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის. მერწმუნეთ, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც აღფრთოვანებულია ხელისუფლების ქმედებებით. თვითონ კი მით უმეტეს არ აწუხებთ ხალხის პრობლემები, რადგან საკმაოდ კარგად ცხოვრობენ და სხვების პრობლემებსაც ვარდისფერი სათვალით შესცქერიან”, – აცხადებს გიორხელიძე.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, როცა საერთაშორისო თანამეგობრობას უმტკიცებ, სიღარიბემ 60 პროცენტით დაიწიაო, ფულადი დახმარების გამოყოფა შემცირდება, თუმცა, ამან ქვეყანას, შესაძლოა, უკეთესი შედეგი მოუტანოს.

დემურ გიორხელიძე აცხადებს: “მე პირადად მიმაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რაც უფრო მალე შეწყვეტს საქართველოსთვის მუქთა ფულის მიცემას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება, საკუთარი რესურსით რეალური გადაწყვეტილებები მიიღოს. რომ არა ეს დახმარებები, ჩვენ გაცილებით ადრე მივიდოდით გონიერ გადაწყვეტილებამდე, მუქთა დახმარებები კი როგორც ნარკომანისთვის წამლის მუდმივი დოზა – ისეა. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არ ჩანს ის პოლიტიკა, რომელიც ყველაზე მძიმე პრობლემის – სიღარიბის დაძლევისკენ იქნებოდა მიმართული”.