პუბლიკაციები
„რუსთავი 2“-ს დამჭკნარი ვარდები - ლევან ზანგურაშვილი

   საქართველო, თბილისი, 2017 წლის 11 მარტი:

„რუსთავი 2“-ის დღევანდელი აქცია-მიტინგი (თუ აქცია-კონცერტი) ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს – „კრახი“! იქ მისული ხალხის რაოდენობა იმდენად ცოტა იყო, რომ თუ სათვალავში არ მივიღებთ „ნაციონალური მოძრაობის“, მისგან ახლახანს გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“, „გირჩის“ (თუ „რკოს“), „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკელების“, მამუკა კაციტაძის და გიორგი გუგავას, ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციათა „პარტიულ აქტივს“ და თავად ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ტექნიკურ პერსონალთან ერთად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღევანდელ ღონისძიებას „ნიჭიერის“ კონცერტის აუდიტორიაც კი არ ესწრებოდა. 

თავიდან, თითქოსდა, ჯერ გამოსვლები იგეგმებოდა, პოლიტიკოსთა მოწოდებები, შემდეგ კი კონცერტი – მხარდამჭერთა გასამხნევებლად და დღის „ტრიუმფის“ აღსანიშნავად. მაგრამ, როცა ორგანიზატორებმა ღონისძიებაზე მისული ხალხის ოდენობა შეაფასეს, გადაწყვიტეს პროგრამა შეეცვალათ და კონცერტით დაეწყოთ, – იფიქრეს, შორიახლოს გამვლელებს მოვიზიდავთ და გამომსვლელთა მოწოდებებსაც მსმენელი ეყოლებაო. ასეც მოიქცნენ.

ამის შემხედვარეს, ძნელია არ გაგახსენდეს ერთი ეპიზოდი ცნობილი საბჭოთა კინოშედევრიდან „სწორედ ის მიუნჰაუზენი“:

გაკვირვებული ჰერცოგი, დაინახავს რა, რომ მიუნჰაუზენის დასაპატიმრებლად გაგზავნილ გვარდიელებს თავად ბარონი მოუძღვის წინ ორკესტრის თანხლებით, გვარდიის მეთაურს ჰკითხავს: „რას ნიშნავს ეს?!“ სანაცვლოდ კი, სრულიად „ლოგიკურ“ პასუხს მიიღებს: „თქვენო ბრწყინვალებავ, ჯერ ზეიმი იგეგმებოდა, შემდეგ დაპატიმრებები… შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვეთავსებინა“. ჰერცოგის კითხვაზე „…და ჩვენი გვარდია სადღაა?“, მეთაური ზეცას აღაპყრობს მზერას, ცოტას იფიქრებს და უპასუხებს – „აშკარაა, ფლანგიდან უვლის“. კითხვაზე „ვის?“ პასუხი ერთმნიშვნელოვანია – „ყველას!“.

ვისაც არ გახსოვთ ან არ გინახავთ (განსაკუთრებით, ახალგაზრდებს) ეს ფილმი, გთავაზობთ ზუსტად ამ ფრაგმენტს (ვიდეო იხ. აქ).

სწორედ ანალოგიური რამ განმეორდა „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ დღევანდელ აქციაზე.

კონცერტზე ერთ-ერთი პირველი, სოფო ნიჟარაძე გამოვიდა და იქ შეკრებილთ „თეთრი ვარდები“ უმღერა (შეიძლება შემისწოროთ, მათთვის არ უმღერიაო, – მომიტევეთ). სოფო, საყვარელო, ჯერ ერთი, რომანსები მიტინგს არ უხდება და, მეორეც, რომანსის შესრულება სულ სხვა განწყობას და გრძნობათა გამოხატვას საჭიროებს. სხვათა შორის, თეთრი ვარდი მარადიული სიყვარულის სიმბოლოა, „გულწრფელ სიყვარულს“ ნიშნავს.

ეტყობა, სცენაზე რაღაც კურიოზიც მოხდა – სოფოს ხმა გაისმა: „ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც კარგია“… მართალი ხარ, სოფო, ყოველივე ეს ერთი დიდი კურიოზია და მეტი არაფერი.

სცენაზე გიორგი გაბუნია ავიდა: „მე მიყვარს სოფო ნიჟარაძე, რა ვქნა, ვერ დავმალავ!“ – საქვეყნოდ აღიარა მან.

ამის შემდეგ კი, ტელეწამყვანი შეეცადა აეხსნა არშემდგარი მიტინგის მიზეზები და განაცხადა: „ეს აქცია, ეს კონცერტი უნდა ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერი, გამამხნევებელი აქცია, მაგრამ ეს იქცა საზეიმო აქციად სრულიად მოულოდნელად. ეს უნდა ყოფილიყო საპროტესტო მიტინგი, მაგრამ ეს იქცა გამარჯვების მიტინგად და ეს არის, პირველ რიგში, თქვენი დამსახურება, იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენს გვერდით დგახართ არა მარტო ახლა, არამედ, რაც მთავარია, „რუსთავი 2“-ის ეკრანებთან…“ აღარ გავაგრძელებ, სტილი დაცულია (!).

უნებლიედ, ერთი კითხვა იბადება – იმ პოლიტიკოსებს თუ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც აქციაზე „ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნები“ უნდა დაეყენებინათ, საპროტესტო განწყობა გაუქრათ?! ეს დღეები ხომ წარამარა ტრიალებდა „რუსთავი 2“-ის ეთერში მომავალი აქციის სარეკლამო კლიპი, რომელშიც ეს პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ ხალხს მისულიყვნენ მიტინგზე?.. რა ეზეიმებათ? „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, ნათქვამია.

იქაურობას არც მიშა მშვილდაძე გამოაკლდა, – მან მადლობა გადაუხადა გვარამიას და ღმერთს, რომ აქვს სამსახური – როგორც მას, ისე ლუის ენრიკესაც.

– „Gracias, Misha!“, – მოისმა ხმა ესპანეთიდან და მიშაც სცენიდან ჩავიდა.

სცენაზე ასულმა წითელთმიანმა „შავსათვალიანმა“ კი ისე იკნავლა (მიჭირს ვთქვა „იმღერა“) 90-იანი წლების ერთ-ერთი მსოფლიო ჰიტი „What’s Up?“ („what’s going on?“), რომ სულ რაღაც ერთი საათის წინ დაწყებული თავყრილობა რამდენიმე ადამიანმა დემონსტრაციულად დატოვა და ხალხის მასა აშკარად შეთხელდა. სცენაზე წითელთმიანი „შავსათვალიანი“ წითელთმიანმა „წითელსათვალიანმა“ ჩაანაცვლა (რა ვქნა, არ ვიცი მათი ვინაობა).

ცოტა ხანში კი, სცენაზე ნიკა გვარამია და მისი ერთგული, „რუსთავი 2“-ის რამდენიმე სახე ავიდა. ყველას ეგონა, რომ აქციის მთავარი განყოფილება სწორედ ახლა იწყებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ – გვარამიას გამოსვლა ხანმოკლე აღმოჩნდა და ყოველგვარ ინფორმაციას მოკლებული. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ მოკლე გამოსვლიადნ გავიხსენოთ, ტელეარხის დირექტორის მიერ მოსამართლეთა გადაყენების მოთხოვნაა და ამასაც ერთგვარი ირონია ახლავს: როცა გვარამიამ ხალხს მოუწოდა ხელის აწევით დაეფიქსირებინათ თავიანთი თანხმობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადაყენების თაობაზე, ბევრმა ხელი არ ასწია – იმიტომ კი არა, რომ არ დაეთანხმა, ან გადაწყვეტილების მისაღებად დაფიქრდა, – არა, უბრალოდ, დაეზარა!

გვარამია მალევე ჩავიდა სცენიდან და გაურკვევლობაში მყოფ ხალხს „გამოუვალი მდგომარეობა“ დაუტოვა. სანახაობა კიდევ ერთ საათს გაგრძელდა, თუმცა ახლა მას გაცილებით ნაკლები მაყურებელი შემორჩა – „პარტიული აქტივი“ მიმოიფანტა.

არ შედგა ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული პოლიტიკოსთა გამოსვლების კასკადი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, არც მიტინგის ორგანიზატორი დაბრუნებია პუბლიკას დასამშვიდობებლად და მადლობის სათქმელად… „იღბლიანი ბორბალის“ წამყვანმა „კონცერტი“ დასრულებულად ისე გამოაცხადა, რომ თავადაც უხერხულობას განიცდიდა დღევანდელი სამარცხვინო კრახის გამო.